გიორგი კვირიკაშვილმა "ჰაიდელბერგცემენტის" მოდერნიზირებული ქარხანა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში ,,ჰაიდელბერგცემენტის" რუსთავის მოდერნიზებული ქარხანა გახსნა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საწარმოში 100%-ით ადგილობრივი კადრებია დასაქმებული. მისივე თქმით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, ეს ჯერ ციფრებში არ აისახება, თუმცა შედეგი უახლოეს ხანში გამოჩნდება.

,,ჰაიდელბერგცემენტის" რუსთავის ქარხნის მოდერნიზაციაში რამდენიმე მილიონი ლარი ჩაიდო, აქ უმაღლესი ხარისხის ცემენტს აწარმოებენ, წარმოების მთელი ციკლი მათ ხელშია, ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ცემენტის წარმოებით დამთავრებული. კომპანიას მხოლოდ ადგილობრივები ჰყავს დასაქმებული: კასპის ქარხანში კასპელები და რუსთავში - რუსთაველები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

,,ჰაიდელბერგცემენტის" რუსთავის ქარხნის მოდერნიზაციაში 4 მილიონი ლარი ჩაიდო, მშენებლობა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2014 წლის მაისში დასრულდა.

საწარმოს მოდერნიზაციის პროექტის მიზანი ცემენტის ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდა და ასორტიმენტის გაფართოებაა.