„რაც ნამდვილად მინდა გავაკეთო, არის ის, რომ რაც შეიძლება კარგი განათლება მივიღო, შემდეგ საქართველოში დავბრუნდე, რადგან ამ ქვეყანას ბევრი ახალგაზრდა სჭირდება, რომელსაც კარგი განათლება და უნარები ექნება“ - ასე გვპასუხობს კითხვაზე სამომავლო გეგმების შესახებ 17 წლის გიორგი ბექურიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ აშშ-ს იელის უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი მიანიჭა და სწავლა წელიწადში 74 000$-ით დაუფინანსა.
გიორგიმ უკვე გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ეკონომიკა და ფსიქოლოგია ისწავლოს, მიღებული ცოდნა კი საჯარო ან კერძო სექტორიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.
„ეკონომიკაც და ფსიქოლოგიაც ადამიანის ქცევას შეეხება. ეკონომიკით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემს დას ლექციების თარგმნაში ვეხმარებოდი, შემდეგ ამ მიმართულებით საბაზისო სახელმძღვანელოებს გავეცანი, რაც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული და გადავწყვიტე, რომ სამომავლოდ ეკონომიკა შემესწავლა. რაც შეეხება ფსიქოლოგიას, შესწავლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ზიგმუნდ ფროიდს გავეცანი,“ - განმარტავს ის.
იელის უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების 20-ეულშია და აქ მოხვედრა მასაჩუსეტსის, ჰარვარდის ან სტენფორდის უნივერსიტეტებზე არანაკლებ რთულია. გიორგიმ იელის უნივერსიტეტი სწავლების მეთოდისა და პროფესორების გამო აირჩია.
„სხვა უნივერსიტეტებში პროფესორმა შეიძლება ერთხელ ჩაატაროს ლექცია და მერე მთელი წელი ვეღარ ნახო, აქ მათ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები აქვთ, რომელიც სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ავალდებულებთ. გარდა ამისა, ეს უნივერსიტეტი ჩემთვის სხვადასხვა კულტურის გაცნობის კარგი საშუალებაა. იელის „ფეისბუქ“ ჯგუფშიც, სადაც უკვე დავემატე, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები მრავლად არიან,“ - აღნიშნავს გიორგი ბექურიძე.
იმისათვის, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო, სხვადასხვა აქტივობაში (გიორგი „წითელი ჯვრის“ მიერ განხორციელებულ პროექტშიც იყო ჩართული) ჩართვის ისტორია და იელის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ტესტის შევსება დასჭირდა, რასაც თავი წარმატებით გაართვა და ოცნებაც აისრულა. როგორც გიორგი AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, ცდილობდა, უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოლოდინები არ ჰქონოდა, რადგან წინასწარ იმის განსაზღვრა, ჩაირიცხებოდა თუ არა, შეუძლებელი იყო.
„ტესტი, რომელიც დავწერე, ინგლისურსა და იმ საგნებს შეეხებოდა, რომლებიც მაინტერესებს. ყველაზე რთული ინგლისური ტესტი იყო, რადგან ის არა ენის ცოდნაზე, არამედ ლოგიკაზე, ანალიზის უნარზე იყო დაფუძნებული. იხილეთ გაგრძელება