გასულ წელს ციფრულ რეკლამაზე გაწეულმა ხარჯებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებს 21%-ით აღემატება.
ამის შესახებ IAB Internet Advertising Revenue-ს მოხსენებაშია ნათქვამი. ზრდის დიდი წილი მობილური ტელეფონების გამოყენებითა და რეკლამის გაფართოებით არის გამოწვეული. აშშ-ს ციფრული რეკლამის ბაზარზე მობილური რეკლამის წილი 57%-ს შეადგენს. ჯამში, 2017 წელს მობილურ რეკლამაზე 49,9 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 33%-ით მეტია.
მოხსენებაში ასევე მოყვანილია შემდეგი ფაქტები:
• ციფრული ვიდეოს წილი 2017 წელს 33%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 11,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 8,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
• მობილურ ტელეფონებზე ვიდეოდან მიღებული შემოსავალი 54%-ით გაიზარდა და 6,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს პირველად მობილური ვიდეოდან მიღებულმა შემოსავალმა სტაციონარული კომპიუტერების ვიდეოდან მიღებულ შემოსავალს გაუსწრო.
• სოციალურ ქსელებში რეკლამამ გასულ წელს 22,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით (16,3 მილიარდი დოლარი) 36%-ით მეტია.
• ძებნიდან მიღებულმა შემოსავალმა 2017 წელს დაახლოებით 40,6% მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებს (34,6 მილიარდი დოლარი) 18%-ით აღემატება.
• ბანერულმა რეკლამამ გასულ წელს 23%-იანი ზრდა აჩვენა და 27,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქედან 67% მობილურ ბანერებზე მოდის.
• ციფრული აუდიორეკლამის დანახარჯები 2016 წელს დაფიქსირებულ 1,1 მილიარდ დოლართან შედარებით 39%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
• რაც შეეხება ე.წ. რიჩ მედია რეკლამას, რომელიც 2016 წელს 2,01 მილიარდ დოლარს აღწევდა, გასულ წელს მან 2,9%- იანი ზრდა აჩვენა და 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.