Uber-ი მფრინავი ტაქსების შექმნაზე NASA-სთან ერთად მუშაობს

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი კომპანია ერთვება ტრანსპორტის ახალი ტიპის - მფრინავი ავტომობილის, მფრინავი ტაქსის შემუშავების პროცესში. ამ ტრენდში თვით ავიაგიგანტები, „ბოინგი“ და „ეარბასიც“ კი არიან ჩართული. ყველაზე მეტად კი სატრანსპორტო კომპანია „იუბერი“ აქტიურობს, რომელიც მფრინავი ტაქსის პროექტზე, რამდენიმე ძლიერ პარტნიორთან ერთად მუშაობს. ახლახან კი NASA-სთან გააფორმა ხელშეკრულება.

„იუბერმა“ მფრინავი ტაქსისთან დაკავშირებული საკუთარი გეგმები პირველად 2016 წელს წარმოადგინა. მას შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი პროექტი შეიქმნა და ამერიკულ კომპანიასთან მუშაობა, ბევრმა ავტორიტეტულმა და დამწყებმა კომპანიამ დაიწყო. ახალი ტექნოლოგიები ჯერ სრულყოფილი არაა, თუმცა მათ შემუშავებაზე უკვე სოლიდური სახსრები იხარჯება.

ახლახანს „იუბერმა“ გამოაცხადა, რომ აშშ-ის არმიასთან ერთად იმუშავებს ჩუმ VTOL (ვერტიკალური აფრენა და დაშვება) როტორული თვითმფრინავის ტექნოლოგიაზე, რომელსაც შემდგომში მფრინავ ავტომობილებზე დანერგავს. ამ საქმეს „იუბერი“ და არმიის კვლევის, განვითარების და ინჟინერიის შტო, მილიონ დოლარს მოახმარენ. ამ თანხით, ისინი შეიმუშავებენ და დაამზადებენ როტორული სისტემის პროტოტიპებს, რომლებიც სპეციალურად, ვერტიკალური აფრენისა და დაშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

გამოცემა „ავტონიუსის“ ინფორმაციით, შემუშავებული კონცეპციის მიხედვით, სისტემას ექნება ორი როტორი, რომელთაგან ერთი მეორის თავზე მოთავსდება. ორივე ერთი მიმართულებით იტრიალებს, რაც მათ შედარებით ჩუმი მუშაობის საშუალებას მისცემს.

პროექტ „იუბერ ელევეიტის“ მთავარი ინჟინერი რობ მაკდონალდი ამბობს, რომ როტორების ჩუმი მუშაობის მიღწევა, მფრინავი ტაქსისთვის აუცილებელი კრიტერიუმია. ამ პროექტის გარდა, „იუბერი“ სამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სხვა პროექტებზე მუშაობასაც გეგმავს და პირველი მფრინავი ტაქსის გამოცდას 2020 წლისთვის ვარაუდობს.

პარალელურად, „იუბერთან“ პარტნიორობით, არმიას ახალი ტიპის უპილოტო დრონების შემუშავება სურს, რომლებიც ჩუმად იმუშავებს და რომლებსაც ვერტიკალურად აფრენის და დაშვების უნარი ექნება.