14-16 მაისს, საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა გაიმართება. როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა ოფიციალური დელეგაცია თბილისში უკვე ჩამოვიდა. ეს საქართველოში მათი პირველი ვიზიტია.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრებს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი დახვდნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული, ასევე სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები შეხვდებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებსა და დედაქალაქის მერს.
„მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ამჟამად ვმუშაობთ მომავალი პარტნიორობის გეგმაზე. აღნიშნული დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სტუმრების ინფორმირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები გვაქვს, რა პრიორიტეტები მომავალი თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
„დღეს, ჩვენ დავხვდით მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც ვიზიტით ეწვივნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი საქართველოში, რათა ისინი თავად გაეცნონ იმ პროექტებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის ინვესტიციებით ხორციელდება. ჩვენ მათ სიამაყით წარვუდგენთ მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგებს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავსა და ყვარელში,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.