Google გამოუშვებს ავტომობილს, რომელსაც საჭე არ აქვს

გადაადგილებისთვის მძღოლი საჭირო აღარ არის.

Google-მა დაასრულა პირველი ავტონომიური მანქანის შექმნა და გეგმავს ის წლის ბოლომდე გამოუშვას. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal (WSJ) კომპანიის თანადამფუძნებელ, სერგეი ბრინზე დაყრდნობით წერს.

Google ასეთი რამდენიმე ათეული სატესტო ავტომანქანის გამოშვებას ამ ზაფხულში გეგმავს.

მანქანა გათვლილია ორ ადამიანზე და მისი მართვა მთლიანად პროგრამულად, გადამცემებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება. სწორედ ამის წყალობით, მანქანას საჭე და სატერფულები არ აქვს. ტესტური ავტომობილების პირველი ნაკადის სიჩქარე 40 კმ.სთ იქნება.

ბრინმა განაცხადა, რომ ავტომობილი 8 პროექტს შორის შეიქმნა, რომელსაც Google-ის საიდუმლო ლაბორატორია ამუშავებს. ამ ლაბორატორიის მიერ შექმნილი სხვა პროექტებიდან ცნობილია ჭკვიანი სათვალე Google Glass და Project Loon, რომელიც საჰაერო ბუშტების საშუალებით ინტერნეტის ყველგან გავრცელებას გულისხმობს.

”კომპანიისთვის მნიშვნელოვანია შექმნას რაღაც ახალი”- განაცხადა ბრინმა. ის დარწმუნებულია, რომ ასეთი ავტომანქანის გამოსვლა მთლიანად შეცვლის ავტომანქანების წარმოების სფეროს და რამდენიმე წელში ისინი შეძლებენ ადამიანის ჩარევის გარეშე გადაადგილებას.

იხილეთ ვიდეოგალერეა