მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისადმი პრეტენზიები იზრდება. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით, ბანკებში 1 148 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,8%-ით მეტია.
2017 წლის პირველ კვარტალში ბანკებს პრეტენზიით 840-მა ადამიანმა მიმართა.
2018 წლის 3 თვის პრეტენზიების სამეულში შედიან:
1) მიმდინარე ანგარიში - 431 განაცხადი
2) სამომხმარებლო სესხი - 218 განაცხადი
3) საკრედიტო ბარათი – 120 განაცხადი
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.
ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, კომერციულ ბანკებში შესული და სრულად განხილული პრეტენზიებიდან მხოლოდ 16,9% (195 განაცხადი) იქნა მიჩნეული საფუძვლიანად ბანკების მიერ და მათი გადაწყვეტა მომხმარებლების სასარგებლოდ მოხდა, 68,6%-ის შემთხვევაში (788 განაცხადი) ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, 137 შემთხვევის განხილვა კი არ დასრულებულა.
რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ბანკებში 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია. 2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.