რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს დაფინანსების პორტფელს გაზრდიან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოვიდა და ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში.
„მსოფლიო ბანკი გახლავთ ჩვენი მთავარი პარტნიორი იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციაში, რომელსაც ვგეგმავთ. ზაფხულში რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები გაზრდიან ფინანსურ პორტფელს და ჩვენ საშუალება გვექნება, საქართველოში განვახორციელოთ მეტი პროექტი, განსაკუთრებით, კერძო სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ მეტი ეკონომიკური ზრდა. საუბარია ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეს ზრდა აისახოს თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე და მსოფლიო ბანკის პროექტები სწორედ ამაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული, ასევე სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობაა.
„მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოში წარმოვადგენ კანადას, ირლანდიას და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს. დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გავეცნოთ საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ გვექნება საუბარი მთავრობასთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ბენეფიციარებთან. განვიხილავთ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის და ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ სამომავლო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს. დღეს, გვქონდა ძალიან საინტერესო განხილვა ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, რომელიც არის მსოფლიო ბანკში მმართველი საქართველოს მხრიდან. მისგან მოვისმინეთ ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გვქონდა საუბარი. მოუთმენლად ველით იმ განხილვებს, რომელიც უახლოესი დღეების მანძილზე შედგება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტინ ჰოგანმა.