ახალი კვირა ევრომ ზრდით დაიწყო, რასაც გარკვეულწილად დოლარის არამყარი პოზიცია განაპირობებს. ეს ზედზედ მესამე დღეა, რაც ევროპული ვალუტა გამყარებას აგრძელებს. თუმცა, ამ პროცესს იტალიაში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა ანელებს.
საქმე ისაა, რომ იტალიაში მოძრაობა 5-ვარსკვლავმა და უკიდურესმა მემარჯვენე ლიგამ, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტის ფორმირების წესების წინააღმდეგ არიან, გასული უქმეები მოლაპარაკებაში გაატარეს, რომლის მიზანიც, საერთო პოლიტიკური პლატფორმის შემუშავება იყო. ისინი ჯერ კიდევ მარტში მეტოქეები იყვნენ, მაგრამ ახლა დიდი ალბათობით, ახალ მთავრობას სწორედ ისინი ჩამოაყალიბებენ.
გასულ კვირაში ევროს კურსი 1.1823 დოლარამდე შემცირდა, რაც 22 დეკემბრის შემდეგ უდაბლესი მაჩვენებელია. თუმცა, დღეს მისი ფასი მჭიდროდ მიუახლოვდა 1.20 დოლარს, რაც ტრეიდერებისთვის ფსიქოლოგიური ზღვარია. მის ზევით დამკვიდრება, ევროპულ ვალუტას შემდგომი ზრდის სტიმულს მისცემს.
„იტალიის პოლიტიკა, ევრო ზონის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯერ არაა, რადგან უშუალო საფრთხის შემცველი არ არის. შესაბამისად, ბაზარზე პოზიციების რიცხვზე ძლიერ ზეგავლენას არ ახდენს. შესაბამისად, ევროს შემობრუნებასაც ნაკლებად აფერხებს“, - ამბობს „კრედიტ აგრიკოლის“ ლონდონური ოფისის ფორექსის სტრატეგი მანუელ ოლივერი. ის ვარაუდებს, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი გაიზრდება, რაც ეკონომიკის სტიმულირების შეწყვეტის თემას კვლავ აქტუალურს გახდის.
რაც შეეხება დოლარს, წინა კვირაში, წლევანდელი პიკის მიღწევის შემდეგ, ტრეიდერები და ინვესტორები, დოლარის ზრდით მიღებულ მოგებას აფიქსირებენ და მომგებიან პოზიციებს ხურავენ. ეს კი ამერიკული ვალუტის მიერ პოზიციების დათმობას იწვევს. შესაბამისად, დოლარის ინდექსმა 92.515-მდე დაიკლო.
როგორც „ბენკ ოფ ამერიკა მერილ ლინჩის“ სტრატეგები ამბობენ, დოლარის ზრდის მთავარ ფაქტორთა შორის, ევროზონის ეკონომიკის სუსტი მაჩვენებლებია, რის გამოც, ბევრმა ინვესტორმა დოლარზე მოკლე პოზიციები დახურა. ეს კი ამერიკული ვალუტის კურსზე დადებითად აისახა.
პარასკევს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ გამოაცხადა, რომ ევრო ზონას ახალი „ფისკალური ინსტრუმენტი“ ესაჭიროება იმისათვის, რომ კავშირის სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს დაეხმროს, რომლებსაც გაჭიანურებული კრიზისის პერიოდში, ინვესტორები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.
ამჟამინდელი განწყობით, ტრეიდერები და ინვესტორები თვლინ, რომ ინგლისის ბანკი სტერლინგზე განაკვეთს წელს აღარ გაზრდის, ევროპის ცენტრალური ბანკი კი ევროზე განაკვეთის აწევას 2019 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყებს.