„ველოდებით გამოძიების დასრულებას“ - აუნაზღაურეს თუ არა „ელიავას ბაზრობას“ და „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი

დამწვარი „ბავშვთა სამყაროსთვის“ ზარალი ჯერ არ აუნაზღაურებიათ, „ელიავას ბაზრობაზე“ კი იმ მეწარმეებმა, ვისაც ქონება დაზღვეული ჰქონდა, ზარალი უკვე აინაზღაურეს. თუმცა არც ერთ შემთხვევაში გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

2017 წელს თბილისში რამდენიმე სავაჭრო ადგილი დაიწვა. მათ შორის, ყველაზე მასშტაბური იყო ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“, რომელმაც შენობა მთლიანად გაანადგურა, შესაბამისად, დაიწვა ყველა ნივთი, რაც შენობაში იყო. ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს „ელიავას ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად მოვაჭრეებმა. დაზარალებულთა ნაწილს საკუთრება დაზღვეული ჰქონდა, ნაწილს - არა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, აუნაზღაურდათ, თუ არა მათ ზარალი სადაზღვევო კომპანიების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებები ჯერაც დასრულებული არაა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ზარალების განყოფილების უფროსმა ვახო ებიტაშვილმა განუმარტა, მათთან მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა იყო დაზღვეული, გარემოვაჭრეებს კი საკუთარი ფართები დაზღვეული არ ჰქონდათ.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების პროცედურებს, მისი თქმით, ზარალი გამოძიების დასრულების შემდეგ ანაზღაურდება.

„კვლავ ველოდებით საგამოძიებო პროცედურების დასრულებას და შემდეგ უკვე ყველაფერს სრულად ავანაზღაურებთ. ჩვენთან დაზღვეული იყო მხოლოდ სააქციო საზოგადოების კუთვნილი შენობა. სამწუხაროდ, მოვაჭრეები, ჩვენთან დაზღვეული არ ყოფილან“, - აღნიშნავს ებიტაშვილი.

რაც შეეხება ზარალს, ხანძრის შედეგად მიყენებული სრული ზარალის ოდენობა უცნობია, რადგან ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს. თავად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა კი 6 მილიონ ლარად იყო დაზღვეული.

„ელიავას ბაზრობაზე“ 2017 წლის 2 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი კი მოვაჭრეებს უკვე აუნაზღაურეს. მათ ნაწილს ქონება დაზღვეული „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ჰქონდათ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინა სტამბოლიშვილმა განუცხადა, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, მათთან დაზღვეულ მეწარმეს ზარალი სრულად აუნაზღაურდათ.

„ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 მეწარმეს, რომელთაც ჯიპიაიში დაზღვეული ჰქონდათ მარაგები და ქონება, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საგამოძიებო სამუშაოები, მაინც მოხერხდა დაზარალებულ მეწარმეთა დაკმაყოფილება. 170 000 ლარამდე ანაზღაურდა ასევე ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობაც. ანაზღაურება მიიღეს იმ მეწარმეებმაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ ჯიპიაის მცირე და საშუალო (SME ) ბიზნესის დაზღვევის პროგრამით“, - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.

ე.წ. „ელიავას ბაზრობაზე“ ხანძარი მიმდინარე წლის 2 ივლისს გაჩნდა. ცეცხლი 2500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და ბაზრობის პირველი სექტორი სრულად დაიწვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინიტროს პოლიციის დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.

ხოლო სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 30 იანვარს გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაზარალდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამჟამად ძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. გასული წლის 27 აგვისტოს კი მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს. ზარალის სრული ოდენობა უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 100 მილიონი ლარის საკუთრება განადგურდა.

თეონა კენჭიაშვილი