ექიმების შეცდომის შესახებ მედიით გაშუქება შესაძლოა, აიკრძალოს

პარლამენში წარდგენილია საქართველოს კლინიკების ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

„მასმედიის საშუალებით, ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულობის პრეზუმციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას იწვევს. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, როგორც პროექტში ვკითხულობთ, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი შესაძლოა, დაუშვებელი გახდეს.

ამასთან, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, დაუშვებელია: სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის ღირსებისა და პატივის შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ზეწოლა ან მუქარა. ასევე დაუშვებელია - სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო პერსონალის ნივთების, დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება.

ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, დაუშვებელი იქნება - სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ პროტესტის გამოხატვა, რაც გამოიწვევს: დაწესებულების ნორმალური ფუნქცინირების შეფერხებას, სხვა პაციენტების უფლებების და ინტერესების შელახვას, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლას.

საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს ასევე ცვლილების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. კერძოდ, კოდექსს ემატება ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ექიმის გადაცდომის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მასმედიის საშუალებით გავრცელება ამ საშუალების/მისი წარმომადგენლის 1 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, მასმედიის საშუალებას მოუწევს უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია.

ანალოგიური ფულადი სანქცია იქნება გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის ან დაწესებულებაში ძალით შეჭრის შემთხვევაშიც. კერძოდ, მსგავის ქმედება პირთა 1000 ლარით; განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სამედიცინო საქმიანობისას პაციენტის ან სხვა პირის მიერ ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე კი ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასული წლის ოქტომბერში „კვირის პალიტრა“ წერდა, წინა წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში პროფესიული განვითარების წინაშე 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა, მათგან ოთხს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, 157-ს კი დაეკისრა. აქედან 90-ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო 67-ს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის გამო 142 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა.

თაია არდოტელი