მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი, თებერვლის თვესთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასი ყველაზე მეტად - 11.5%-ით დედაქალაქში გაიზარდა, ფასები ყველაზე მეტად - 5.4%-ით შემცირდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
„აღსანიშნავია, რომ მარტში, თებერვალთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) საქართველოში 64%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა,“-აღნიშნულია კვლევაში.
მათივე ცნობით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი მარტში, თებერვალთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა თბილისში და აჭარაში.
რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, მათი ფასების დონე 2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით არის შემცირებული. რეგიონების მიხედვით კი, ფასები ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში შემცირდა, ზრდა კი ყველაზე მეტად - თბილისში დაფიქსირდა.