ნარკოტიკების ბაზარზე რეკორდული შეთანხმება გაფორმდა

კანაფის ლეგალურად მწარმოებელმა კანადურმა კომპანია Aurora Cannabis Inc.-მა მისი კონკურენტი კომპანია MedReleaf Corp-ი შეიძინა. შესყიდვის ოდენობამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, შეთანხმების შედეგად Aurora Cannabis-ის აქციონერების საკუთრებაში გადადის გაერთიანებული კომპანიის 61%, ხოლო MedReleaf-ის აქციონერების საკუთრებაში დარჩება დანარჩენი 39%. ახალი ორგანიზაციის მფლობელობაში იქნება 29 საწარმო კანადაში და 2 დანიაში. შერწყმის შედეგად კი კომპანია შეძლებს წელიწადში 570 ათასი კილოგრამი კანაფის წარმოებას.

Aurora Cannabis და MedReleaf — კანადის ბაზარზე უმსხვილესი კომპანიებია. Bloomberg-ის მონაცემებით Aurora-ს კაპიტალიზაცია შეადგენს 3,5 მილიარდ დოლარს, ხოლო MedReleaf-ის - 1,6 მილიარდს. გაფორმებული ხელშეკრულება კი გახდა ლეგალური კანაფის წარმოების ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ კომპანიების გაერთიანება მოხდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კანადაში ძალაში შევა კანაფის ლეგალზიაცია ფედერალურ დონეზე. ეს კანონი 2018 წლის ივლისიდან ამოქმედდება. ხოლო სამედიცინო მარიხუანა ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ითვლება 2013 წლიდან.

კოკა კვირკველია