საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, მთავრობა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
ამ მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე მონაწილეობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ახალი სამოქმედო გეგმის მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტად მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება.
კითხვაზე, დღევანდელი შეხვედრა არის თუ არა ბოლოდროინდელი მოვლენების გამოძახილი, მდინარაძე ამბობს, რომ მათ შორის, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი თემა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კი ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკა იქნება ერთ-ერთი თემა, რომელსაც სამოქმედო გეგმის შემუშავების კონტექსტში განიხილავენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარია კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.
დოკუმენტი ხელისუფლების ყველა შტოსა და საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების და კერძო სექტორის ფართო ჩართულობით შემუშავდება და მის აღსრულებაში ყველა შესაბამისი რგოლი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.