ნვთობის ფასებმა ბოლო სამწელიწადნახევრის მაქსიმუმი განაახლა, რისი ძირითადი მიზეზიც ისაა, რომ ბაზარი შეერთებული შტატებისგან ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოელის, რასაც ბაზარზე მიწოდების დეფიციტის წარმოქმნა შეუძლია.
„ბრენტ“ მარკის ნედლი ნავთობის ბარელის ფასი 79.22 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. იმავდროულად, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი 51 ცენტით, 71.48 დოლარამდე გაიზარდა. ეს 2014 წლის ნოემბრის მაჩვენებლისგან (71.89 დოლარი), რომელსაც WTI-ს ფასმა გასულ კვირაში აუწია, არც ისე შორსაა.
ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას და ირანს ეკონომიკურ სანქციებს განუახლებს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ სანქციებს, ბაზარზე ნავთობის მიწოდების დანაკლისის გამოწვევა შეუძლია.
ირანთან ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა, რასაც მის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება მოჰყვა. 2016 წელს ირანი ისევ ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი გახდა. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის მიუხედავად, მისი ევროპელი მოკავშირეები იგივეს გაკეთებას არ ჩქარობენ.