"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამ სოფელს დავალიანებას ჩამოაწერს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დუშეთის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობას დავალიანებას ჩამოაწერს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დუშეთის რაიონის სამი სოფლის - აბანოსხევის, წითელსოფლისა და ჭოპორტის მცხოვრებლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილ დავალიანებებს ჩამოაწერს. ამით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მცხეთა-მთიანეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრას ეხმაურება, სადაც პრემიერი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც გაეცნო.

მიუხედავად იმისა, რომ აბანოსხევი, წითელსოფელი და ჭოპორტი არ შედის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ წყალმომარაგებას, წყალსადენის სისტემების ტექნიკური მოწყობიდან გამომდინარე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახორციელებს. სამივე სოფლის მოსახლეობას წყალმომარაგების მომსახურებაზე დავალიანება 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით დაუგროვდა. აღნიშნულ პერიოდში აბანოსხევის 405 მოსახლის მიერ დაგროვილი წყლის დავალიანება, დაახლოებით, 15 000 ლარს შეადგენს, წითელსოფლის 305 მოსახლეს კომპანიის 16 700 ლარი მართებს, ჭოპორტის 480 მაცხოვრებელს კი - 45 100 ლარი.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებს, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, უძნელდებათ დაგროვილი დავალიანების დაფარვა და, პარალელურად, მიმდინარე გადასახადის გადახდა. სწორედ ამიტომ, კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, ამ სოფლების მაცხოვრებელ აბონენტებს ინდივიდუალურად ჩამოაწეროს 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით დაგროვილი დავალიანება იმ პირობით, თუ ისინი მიმდინარე წლის ივნისიდან რეგულარულად გადაიხდიან ყოველთვიურად დარიცხულ მიმდინარე გადასახადს.