კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები სახელმწიფოსგან ბინებს მიიღებენ

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, 3 000-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც 90-იანი წლებიდან ბინათმშენებლობის კოოპერატივით დაზარალებულების სტატუსს ატარებენ, ბინებს მიიღებენ. როგორც კახა კალაძემ დღეს მთავობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. მათი შერჩევა კი სოციალური ქულების რეიტინგით მოხდება.

„3 000-ზე მეტი ოჯახი, რომლებმაც თავის დროზე გადაუხადეს სახელმწიფოს ფული, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათ წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. 20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ელოდებიან, თუ როდის მიიღებენ ბინებს. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩემი მერობის პირობებში დავასრულოთ ეს პრობლემა.

სამწუხარო რეალობაა, რომ იმ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც უნდა აშენებულიყო მათთვის საცხოვრებელი ფართი, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაიცა საკუთრებაში და ამით მინიმუმამდე შემცირდა შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებს ბინები მიღოთ. მაგრამ, ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას და ჩემი მერობის პერიოდში მინდა, 

რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მაგრამ, ჩვენ პირველ ეტაპზე მაინც მოვიძიეთ 16 ჰა მიწის ნაკვეთი და მინიმუმ 800 ოჯახს დავაკმაყოფილებთ. რა თქმა უნდა, ასევე გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს მომავალში კიდევ წარმოგიდგენთ მიწის ნაკვეთებს.

რაც შეეხება წესებს,  პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ დანარჩენები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტუნარიან გარემოში მოხდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

ამასთან, თბილისის მერმა მოუწოდა იმ დაზარალებულებს, რომელთაც სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აქვთ, მიმართონ შრომის, ჯანმრთლობისა და სიციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს.