შალვა ფიფია გვატემალას საპატიო კონსულს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გვატემალას საპატიო კონსულს, მარიო ადოლფო ბუკარო ფლორესს სოფლის მეურნეობაში დღეისათვის არსებული ვითარება გააცნო.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის შემდგომი განვითარების მიზნით ახორციელებს.

„გვატემალა - აგრარული ქვეყანაა. რეგიონში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თურქეთთან: გვაქვს დიდი სურვილი და პოტენციალი, გავაფართოვოთ ეს არეალი და მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო იქნება იმ ქვეყანათა შორის, რომლებთანაც სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა გვატემალას საპატიო კონსულმა.

შალვა ფიფიამ ისაუბრა საინვესტიციო კლიმატზეც. „საინტერესო გარემოსა და ხელსაყრელი პირობების შექმნით მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა ფიფიამ. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა მთავრობის ახალი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას.