თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნეს სექტორს მიმართავს, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გეგეშიძის ბაღთან, რკინიგზის სადგურთან და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღონ.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილის მოსაწყობად ტერიტორიები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაიცემა.
„მინდა შევეხო მიწისქვეშა პარკირების საკითხს. ჩვენ 3 ლოკაციაზე - გეგეშიძის ბაღთან, რკინიგზის სადგურთან და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. მინდა მივმართო ბიზნეს სექტორს, ყველა დაინტერესებულ პირს, იაქტიურონ, რომ ეს პროექტები იქნეს განხორციელებული. ჩვენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავცემთ ამ კონკრეტულ ლოკაციებს. დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი ამ სამი ლოკაციით და დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და ჩვენ შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.