საქართველოს ფოსტამ ახალი მომსახურების სერვისი ,,ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ წარადგინა.
აღნიშნული მომსახურებით საქართველოს ფოსტა ელექტრონული კომერციიით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს ღია ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა აწარმოოს ელ. კომერცია, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო პროდუქტის ტრანსპორტირებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს. ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით, ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებს ინფორმაციას მიაწვდის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლის განცხადებითაც, აღნიშნული სერვისი ხელს შუწყობს როგორც მეწარმეთა განვითარებას, ასევე მოახდენს ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას.
,,დღეს "საქართველოს ფოსტამ" მომსახურების ახალი სერვისი წარადგინა. ეს არის "ქართული პროდუქტი მსოფლიოს". ეს ქართულ მცირე და საშუალო მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას ელექტრონულ მაღაზიაში განთავსებული თავიანთი პროდუქტი გაყიდვის შემთხვევაში მიაწოდონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ კარგად იყო განვითარებული სერვისი, როდესაც ქართველი მომხმარებელი საზღვარგარეთ ყიდულობდა პროდუქციას და ხდებოდა იმპორტი - შესაბამისად, ჩამოდიოდა საქართველოში ეს პროდუქტები, თუმცა სერვისი, რომელიც აძლევდა ჩვენს მეწარმეებს, რომ ქართული პროდუქტი ონლაინ მაღაზიების მეშვეობით გაყიდულიყო საზღვარგარეთ, ასეთი ტიპის სერვისი არ არსებობდა.
სწორედ ამიტომ საქართველოს ფოსტამ დღეს შექმნა ეს სერვისი. ეს არის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უკვე ჩვენ მცირე მეწარმეებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და მიაწოდონ პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. დარწმუნებული ვარ, ეს პროდუქტი ონლაინ მაღაზიების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს პროდუქტი იძლევა დაზღვევის შესაძლებლობას და იმას, პროდუქტის ღირებულების დათვლა მოხდეს ავტომატურად. პროდუქტი იქნება ძალიან მიმზიდველი",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა, მათი მიზანია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარება.
„საქართველოს ფოსტის ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში, აწარმოონ ქართული პროდუქტის ონლაინ გაყიდვები და გამოიყენონ ჩვენი სერვისი. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და მის გაფართოებას. მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე დადებით გავლენას იქონიებს, საქართველოს რეგიონების ტექნოლოგიურ განვითარებაზე“,- განაცხადა ლევან ჩიკვაძემ.