ამერიკული დოლარის გამყარების და ამერიკული 10-წლიანი ბონდების მომგებიანობის ზრდის კვალობაზე, ოქროს ფასმა ჯერ წლევანდელი მინიმუმი განაახალა, შემდეგ კი ზრდა დაიწყო.
კომექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ტროას უნცია ოქროს ივნისის ფიუჩერსის ფასი 2.8 დოლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა და 1 293.0 დოლარს მიაღწია. ამის პარალელურად, დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ძირითად ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს გამოსახავს, 93.20-მდე გაიზარდა.
დოლარის ინდექსმა აზიის სავაჭრო სესიის დროს, 93.32-ს მიაღწია. იმ დროს, როდესაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის საშიშროება შემცირდა, ინვესტორები სულ უფრო მეტად ყიდულობენ ამერიკულ სახაზინო ბონდებს, რასაც მათთვის სტაბილური მოგება მოაქვს. ეს კი ამერიკული დოლარის კურსს მაღლა სწევს და ამცირებს მოთხოვნას ისეთ აქტივებზე, როგორიც ოქროა.
ამერიკის 10-წლიანი ბონდების მომგებიანობამ 3.089-ს მიაღწია, რაც ბოლო 7 წელიწადში უმაღლესი მაჩვენებელია. ამის კვალობაზე, გაიზარდა სხვაობა ამერიკის და დანარჩენი განვითარებული ქვეყნების სახაზინო ბონდების მომგებიანობას შორის, რაც თავის მხრივ, დოლარს წონას მატებს.
დოლარის სიმყარე კი იმ აქტივებს, რომელთა ფასიც ამერიკულ ვალუტაშია დენომინირებული, აიაფებს. როცა დოლარი ძვირდება, უცხოური ვალუტების მფლობელთათვის ოქროს ფასიც იზრდება და ამიტრომ, ისინი იძულებულები არიან, ძვირფას მეტალზე მოთხოვნა შეამცირონ, რაც მის საბაზრო ფასსაც ამცირებს.
ოქროს მსგავსად, სხვა ძვირფასი მეტალების ფასმაც, კლების შემდეგ ზრდა დააფიქსირა. კერძოდ, ტროას უნცია ვერცხლის ფასი 0.13 პროცენტით, 16.290 დოლარამდე გაიზარდა, ტროას უნცია პლატინის ფასმა კი 0.3 პროცენტით, 899.3 დოლარამდე მოიმატა.