ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადადო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადადო.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატ პეტრე პოროშენკოსთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა "ბლუმბერგი" ავრცელებს.

ამასთან, "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ როგორც იქნა, გამოჩნდა უკრაინაში ვითარების დეესკალაციის შესაძლებლობა.

"როგორც იქნა, უკრაინაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის შესაძლებლობა გამოჩნდა. მაგრამ ჩვენ კვლავ გვჭირდება მკაცრი შეხსენებები", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერების საბოლოო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზად არის გადადგას შემდგომი ნაბიჯები, თუ ამას შექმნილი მდგომარეობა მოითხოვს.

"არავის გადაუწყვეტია ახალი სანქციების პირდაპირ ახლა დაწესება, მაგრამ ჩვენ ერთხმად უნდა განვაცხადოთ, რომ ევროპა მზად არის ახალი სანქციების დასაწესებლად, თუ რუსეთი უარს არ იტყვის სეპარატისტების მხარდამჭერ პოლიტიკაზე", - ციტირებს "ბლუმბერგი" პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის კომენტარს.

ამასთან, ევროკავშირმა უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის 83 რუს და უკრაინელ კერძო პირს და ორ კომპანიას სანქციები დაუწესა.