კურორტი „ახტალა“ 3 მილიონ ლარზე მეტად იყიდება

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა იყიდება. აუქციონი პირობების თანახმად,საწყისი ფასი 3 755 000 ლარია.

აუქციონზე იყიდება „სს ,,კურორტი ახტალას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 3 549 156 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 99.54808 %).

ამასთან, აუქციონის თანახმად, მისი აქტივები 2018 წლის 16 მაისის მდგომარეობით, 3 576 148 ლარი; ვალდებულებები - 5 406 ლარი; საკუთარი კაპიტალი - 3 570 742 ლარი იყო.

ამასთან, აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ცნობისთვის, ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.