თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ სახლები გამოისყიდოს და გზა გააფართოვოს. ამის შესახებ კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, ამიტომ ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად უნდა მოწესრიგდეს.
„ძველი თბილისის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუმცა, ერთბაშად არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე შევიდეთ და დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. რა შესაძლებლობაც ბიუჯეტში გვქონდა, იმ პროექტების განხორციელება დავიწყეთ. თუმცა, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ დამატებითი თანხები მოვიზიდოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული ცენტრალურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებზე. ამით ჩვენ შევძლებთ უფრო მასშტაბური და მოცულობითი პროექტები განვახორციელოთ.
რაც შეეხება სამების მიმდებარე ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ტურისტული და ყველანაირი თვალსაზრისით საინტერესო კასტელია. მისასვლელი გზები არის სერიოზული პრობლემა. არ გამოვრიცხავ, რომ მუნიციპალიტეტს მოგვიწიოს შენობა-ნაგებობების, სახლების გამოსყიდვა და მოხდეს გზის გაფართოება, რომ ნორმალური მისასვლელი გზები იყოს სამების საკეთედრო ტაძართან. ეს საკითხები მუშაობის პროცესში გვაქვს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, ბიუჯეტზე, თუმცა, ძალიან ენთუზიაზმით ვარ მე პირადად და მგონია, რომ არა მხოლოდ ძველი თბილისის, ქალაქის მასშტაბით ბევრ სასიკეთო პროექტებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კალაძემ.