რამდენიმე დღის წინ, თბილისში პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდა, რომელიც მგზავრებს სატესტო რეჟიმში ემსახურება.
ტრანსპორტი, დედაქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში იმოძრავებს. როგორც „ფრეგობასის“ დირექტორი მურმან პატარაია ამბობს, პროექტის საბოლოო მიზანი ისეთი საწარმოს შექმნაა, სადაც, ადგილობრივი მუშახელის ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ელექტროავტობუსებს ააწყობენ.
მურმან პატარაია:
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში, კომპანია „ფრეგობასის“ ეგიდით, საქართველოში პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდა, რომელიც გერმანული კომპანია EURABUS-ისა და ჩინური კორპორაცია ZTE Corporation-ის ერთობლივი პროდუქტია. კომპანიები, ათწლეულების განმავლობაში, აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. მათ მიერ წარმოებულ ავტობუსებს წარმატებით იყენებენ ევროპაში, აზიასა და ამერიკაში.რაც შეეხება ელექტროავტობუსის თბილისში ტესტირებას . . .
ელექტროავტობუსი, სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე, დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში იმოძრავებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გადაწყვეტილებით, მთელი ქალაქის მასშტაბით, გეოგრაფიული არეალისა და რელიეფის გათვალისწინებით ივლის, რათა ყველანაირ ვითარებაში გვქონდეს რეალური სურათი. აღსანიშნავია, რომ ეს სადემონსტრაციო სახის ავტობუსია და ტესტირების პროცესის დასრულების შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, გამოფენებზე გადაინაცვლებს.
რა უპირატესობები გააჩნია ამ ელექტროავტობუსს?
ელექტროავტობუსი ძალიან დიდი უპირატესობებით სარგებლობს სხვა ტიპის ძრავების (დიზელი, გაზი) მქონე ავტობუსებთან შედარებით, როგორც ეკოლოგიური მაჩვენებლით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით თუ სხვა კომპონენტებით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსი არის 100% ელექტროძრავზე და ის ყველაზე ეკომეგობრული ტრანსპორტია 0%-იანი გამონაბოლქვით. არანაკლებ საინტერესოა ელექტროავტობუსის ეკონომიკური პარამეტრებიც და მისი შედარება დიზელისა და გაზის ტიპის ძრავების წვასთან. მაგალითისთვის, თუ 100 კმ-ზე დღევანდელი საბაზრო ღირებულებით დიზელის ძრავის მქონე ავტობუსი 73.80 ლარის, გაზის ძრავზე მომუშავე კი 105, 12 ლარის საწვავს მოიხმარს, ელექტროავტობუსის მიერ 100 კმ-ზე მოხმარებული ელექტროენერგია მხოლოდ 20 ლარსა და 22 თეთრს შეადგენს. არ ვსაუბრობთ მისი მოვლა-პატრონობის ხარჯებზე, რომელიც მიზერულია სხვა ტიპის ძრავებზე მომუშავე ავტობუსებთან შედარებით. ამასთან, მოტორს არ სჭირდება ზეთი და სხვა სახის საპოხი მასალები, რაც ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. ელექტროავტობუსი არის თანამედროვე, უხმაურო, უსაფრთხო და რაც მთავარია, აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს. ტრანსპორტი, ერთი დამუხტვით, მაქსიმალური დატვირთვით, 250 კმ-მდე გადის (ჩართული კონდიცირების სისტემით). საერთო ჯამში, ისე შეიძლება აკუმულატორების გადანაწილება, რომ ავტობუსმა სასურველი კილომეტრაჟი გაიაროს, დამუხტვის მაქსიმალური დრო კი 3 საათს შეადგენს.რაც შეეხება პროექტის საბოლოო მიზანს . . .
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში, ჩვენს ევროპელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად, დავაფუძნოთ საწარმო, სადაც, ადგილობრივი მუშახელის ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტიპის ელექტროავტობუსებს ავაწყობთ. სადემონსტრაციო ვარიანტის თბილისში ჩამოყვანა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.რამდენად რეალურია ამ საწარმოს აშენება?
შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რომ ტესტირების პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაიწყოს ელექტროავტობუსების ამწყობი საწარმოს მშენებლობა, სადაც პროფესიულ გადამზადებას გაივლის და დასაქმდება 300-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ ლარზე მეტია. გარდა ამისა, დაგეგმილია აქტიური მუშაობა ევროპულ და აზიურ ბაზრებზე, რასაც გერმანული კომპანია „EURABUS“ უზრუნველყოფს. მაისის ბოლოს გაიმართება პროექტის დეტალური პრეზენტაცია, სადაც ამომწურავად ვისაუბრებთ მისი განვითარების მომდევნო ეტაპებზე.(R)