„რეზონანსი" - ტოტალიზატორები მოწევის დაშვებას ითხოვენ, შემდეგი რესტორნები იქნებიან

თამბაქოს მოწევა შესაძლოა, ტოტალიზატორებსა და სხვა აზარტული თამაშის ადგილებში ისევ დაუშვან.

ეს ერთგვარი დათმობაა, რადგან ახალმა რეგულაციამ 2 კვირაზე მეტი ვერ გასტანა. გარდა ამისა, ასეთი პრეცედენტის დაშვება რესტორნებისა და ბარების პროტესტსაც გამოიწვევს, სადაც დღეს მოწევა უმკაცრესად იზღუდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებენ, ლიბერალური ნაბიჯი არ გადადგან.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია "თამბაქოს შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს. აღნიშნული წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია, რომლის განხილვაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ პირველი მაისიდან დახურულ შენობა-ნეგებობებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, თუმცა გამონაკლისს შორისაა სამორინე, სადაც თამბაქოს მოხმარება დასაშვებია.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია და სამორინეს ნაცვლად კანონში აზარტული/მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) უნდა იყოს მითითებული.

"საქართველოში მუშაობს ისეთი აზარტული და მომგებიანი დაწესებულებები: აზარტული კლუბი, სამორინე, ტოტალიზატორი და სათამაშო აპარატების სალონი. პირველი მაისიდან კანონის ამ რედაქციით ამოქმედება სათამაშო ბიზნესის ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას გამოიწვევს. კერძოდ, ოპერატორი აგენტი, რომელსაც ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში აქვს თავმოყრილი, თითქმის მონოპოლიურ გარემოში, ხოლო სხვა დანარჩენი აგენტები გაკოტრების რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან, რამდენადაც თამბაქოს მოხმარება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილებში თითქმის აუცილებელი თანმდევი პროცესია", -აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

ტოტალიზატორებსა და სხვა აზარტული თამაშის ადგილებში თამბაქოს მოწევის დაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან "თამბაქოს კონტროლოის ალიანსში". მისი თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ დათმობაზე პარლამენტი არ უნდა წავიდეს, რადგან ეს გამოიწვევს იმ დაწესებულებების პროტესტს, სადაც დღეს მოწევა აკრძალულია.

"ტოტალიზატორებსა და სხვა აზარტული თამაშის ადგილებში თამბაქოს მოწევა რომ დასაშვები გახდეს, ეს იმ დაწესებულებების პროტესტს გამოიწვევს, სადაც დღეს მოწევა იკრძალება, მაგალითად, რესტორნები, ბარები და სასტუმროები. ამიტომ ჩვენ ერთპიროვნულად კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, ამ კანონში რამე სახის ცვლილება შევიდეს.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ, რომელსაც კრიმინალების ბუდედ მოვიხსენიებ, მოითხოვეს ცვლილება. ამას ჩვენ არც განვიხილავთ და კატეგორიულად მოვითხოვთ პარლამენტისგან, რომ თუ კანონში რამე ცვლილება შევა, მხოლოდ გამკაცრების კუთხით. არანაირი ლიბერალიზაცია ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ კიდევ სხვებს არ გაუჩნდეთ ცვლილების განხორციელების სურვილი.

ჩვენ უახლოეს დღეებში შევიტანთ ამ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივას, რომ სამორინეებშიც მოხდეს სრული აკრძალვა თამბაქოს მოხმარებისა. პარლამენტსაც და მთავრობასაც მოვუწოდებთ, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადადგან და დათმობაზე არ წავიდნენ", - განუცხადა "რეზონანსს" ბახტურიძემ.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თხოვნას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოეხმაურა.

"ეს დისკუსია ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა, მაშინაც ითხოვდნენ სხვა სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები გამონაკლისის დაშვებას, მაგრამ ძალიან მარტივ რამეს გეტყვით, შეიძლება, დადგა ერთი სლოტ მანქანა რესტორანში, დაარქვა მას სლოტ კლუბი და დაუშვა მოწევა. ეს ჩვენთვის იქნება ძალიან დიდი სისუსტე.

კაზინოს შემთხვევაში ლიცენზიას 5 მილიონი სჭირდება, ეს არის მთავარი ბარიერი. ჩვენ მეთვალყურეობას ვუწევთ ამ კანონის აღსრულებას, შესაბამისად, რეგულარულად გვექნება ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს აღსრულება, რა ეფექტი გააჩნია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა ზოიძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"