”მერი პოპინსი” ქართულად, ანუ ძიძები და მათი პრობლემები საქართველოში

ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რომელიც ძიძას გადაუხადეს, 900 ლარი იყო, მაგრამ მას 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.

საქართველოში ძიძები ყოველთვის არსებობდნენ და დღესაც არიან. უფრო მეტიც, ბოლო წლებში ძიძის საქმიანობა საკმაოდ მოთხოვნადი გახდა: მაღალშემოსავლიანი ოჯახები ხშირად ქირაობენ დამხმარეს, რომელიც დიასახლისს ბავშვისა და ოჯახის მოვლაში ეხმარება, ხშირია შემთხვევა, როცა დიასახლისი მთელი დღე სამსახურშია და მის ფუნქციებს დამხმარე ქალბატონი ითავსებს. თბილისში სპეციალური სააგენტოებიც კი შეიქმნა, რომლებიც მსურველებს მაღალკვალიფიციური ძიძის პოვნაში ეხმარებიან. როგორც ამ სააგენტოების წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში ძიძის ანაზღაურება ევროპასთან შედარებით მცირეა, რადგან იქ საათობრივი ანაზღაურებაა: ევროპის ქვეყნებში ძიძებს საათში 7-8 ევროსაც უხდიან, ჩვენთან კი - შეიძლება რამდენიმე საათით ზედმეტად ამუშაონ და არაფერი მისცენ, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ სამუშაოს შოვნის მსურველთა რიცხვი საკმაოდ მაღალია:

ლელა გელაძე - სააგენტო ”მერი პოპინსის” მენეჯერი:

- ჩვენი სააგენტო შეკვეთებს იღებს როგორც ძიძებზე, ასევე საოჯახო პერსონალზე - იქნება ეს დამლაგებელი, მომვლელი და ა.შ... შემკვეთები თავიანთ პირობებს გვაცნობენ და ჩვენც ამის მიხედვით ვურჩევთ სასურველ კანდიდატებს. შემდეგ მათ შეხვედრას ვუწყობთ, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ასე თანხმდებიან ანაზღაურებაზე. ძიძის საშუალო ანაზღაურება არის 400 ლარიდან ზევით, საშუალო ხელფასი კი 500 ლარია, თუმცა ყველაფერი მაინც სამუშაო საათებსა და პირობებზეა დამოკიდებული. ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რომელიც ჩვენს მიერ შერჩეულ ძიძას გადაუხადეს, 900 ლარი იყო, მაგრამ მას 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა და კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებდა. თანაც, ეს შეძლებული ოჯახი იყო და მომავალი ძიძაც ძალიან მოეწონათ. ძალზე მნიშვნელოვანია უცხო ენის ცოდნა: უფრო ხშირად - რუსულის, ან ინგლისურისა, რადგან ენების მცოდნე ძიძას ცოტა მეტს უხდიან. ხშირად ძიძებს საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც ქირაობენ, მართალია, მათ კარგად იციან აქაური ანაზღაურება, მაგრამ მაინც უფრო მეტს იხდიან: ისინი ძიძებს საშუალოდ 500 დოლარს უხდიან.

-ძირითადად, რა მოთხოვნები აქვთ ძიძის აყვანის მსურველებს?

- პირველ რიგში, ბავშვები უნდა უყვარდეს და მოსწონდეს მათთან მუშაობა, სასურველია კარგი განათლება და გამოცდილებაც, მაგრამ წაუყვანიათ ისეთი, რომელსაც გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან კარგი ძიძა აღმოჩენილა. რა თქმა უნდა, გარეგნობასა და ვიზუალურ მხარესაც დიდ ყურადღებას აქცევენ, თანაც, ძიძა სუფთა, მოწესრიგებული, მშვიდი ბუნებისა და ხალისიანი უნდა იყოს, რომ ბავშვთან ურთიერთობა არ გაუჭირდეს. ზოგჯერ ძიძები 400-450 ლარზეც მუშაობენ, მართალია, ეს ცოტაა, ზოგიერთ მათგანს პრეტენზიებიც უჩნდება, მაგრამ ისეთი ოჯახი ცოტაა, რომელიც უფრო მეტს გადაუხდის, ამიტომ, ისინიც იძულებული ხდებიან, იმუშაონ.

ჟანა შალიკაშვილი – შპს ”ბაიას" დირექტორი:

- თბილისში მოთხოვნა ძიძებზე ყოველთვის იყო და ალბათ, მომავალშიც იქნება. სააგენტოც იმიტომ გავხსენი, რომ ეს მოთხოვნადი პროფესიაა. ძირითადად ინტერნეტით ვმუშაობ, საკუთარი საიტი მაქვს, ზოგი ინტერნეტით გვპოულობს, ზოგიც კიდევ - ნაცნობობით. ნაცნობები ხშირად ურჩევენ ერთმანეთს, ვის მიმართონ და ინფორმაციაც სწრაფად ვრცელდება, ამიტომ ვცდილობთ, კარგი სახელი გვქონდეს. ბოლო ხანებში, უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, ძალიან ბევრი ქალი მოგვმართავს, რომელსაც ძიძად მუშაობის სურვილი აქვს. ისინი სხვა სამსახურს ვერ პოულობენ და იძულებული ხდებიან ან ბავშვს მოუარონ, ან ავადმყოფს, ან ვიღაცის სახლი დაალაგონ. ამიტომ, მსურველი ბევრია: ყოფილი პედაგოგები, ექიმები - ქალები, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, სამსახურიც ჰქონდათ, მაგრამ დაკარგეს. ისეთი კარგი კონტიგენტი მოდის, რომ გაგიკვირდებათ. სამუშაოს მსურველთა რაოდენობის ზრდამ თბილისში ძიძების ანაზღაურება ძალიან დააგდო. ზოგიერთი დამწყები ძიძა 350 ლარადაც კი მუშაობს იმის მიუხედავად, რომ მათი შრომა საკმაოდ მძიმეა. ჩვენთან საშუალო ანაზღაურება 400-450 ლარია, მაგრამ თუ ძიძამ დილის 9 საათიდან საღამოს 9-მდე უნდა იმუშაოს, მას უკვე 500 ლარს უხდიან, ხოლო თუ ბავშვთან 10 საათიდან 6-7 საათამდე უნდა იყოს, მაშინ შეიძლება 350 ლარსაც დათანხმდეს, ოღონდ შაბათ-კვირის გარდა. ვაკეში ძიძის ხელფასი უფრო მეტია - იქ 500 ლარი ერთგვარი ”ტაქსაა”, საბურთალოზე კი - შედარებით უფრო იაფია. გააჩნია, საოჯახო საქმესაც დაავალებენ, თუ - არა, თუმცა შეძლებულ ოჯახებში დამლაგებლები ცალკე მიდიან. იმის გამო, რომ კონკურენცია მაღალია, სააგენტოები მომრავლდა, სამუშაო ადგილები კი იმდენი არ არის, რადგან ზოგჯერ ვაკანსია გვაქვს, ზოჯერ კი - არა. ჩვენი მომსახურების თანხაც ძიძის ხელფასს აკლდება: ჩვენი სააგენტო ძიძას პირველი ხელფასის ნახევარს ახდევინებს, ზოგიერთ სააგენტოს კი - პირველი თვის ხელფასი მთლიანად მიაქვს. ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რომელიც მახსოვს, ათასი ლარი იყო, ოღონდ იმ ოჯახს ძიძა და მძღოლი ერთად უნდოდა. ზოგს გადაჭარბებული მოთხოვნები აქვს ძიძის მიმართ: ახალგაზრდაც უნდა იყოს, ჭკვიანიც, უცხო ენების მცოდნეც და ა.შ...

თამარ ლომიძე - სააგენტო ”ნიუ სერვისის” ხელმძღვანელი:

- ძიძებზე მოთხოვნა დიდია და ამ ტიპის სააგენტოებიც, ალბათ, ამიტომ არსებობს. დიდია როგორც დასაქმების მსურველთა, ასევე დამქირავებელთა რაოდენობაც. უნდა ვაღიარო, რომ ეს სფერო ძალიან დასალაგებელია და ჩვენც ვცდილობთ, ურთიერთობა ძიძასა და დამსაქმებელს შორის საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდეს. უცხოეთში გაცილებით მეტადაა დაცული ძიძის უფლებები, შესაბამისად, მეტია მათი ანაზღაურების სარგოც, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ჯერჯერობით შორს არის ამ სტანდარტებისაგან. განვითარებულ ქვეყნებში 9-10 საათიანი განაკვეთი არც ერთ ძიძას არა აქვს და თუ აქვს, მისი ანაზღაურებაც ბევრად მეტია. აქ კი, ძიძის უფლებები ძალიან ილახება: ის მთელი დღის განმავლობაში მუშაობს, მერე სახლში დაქანცული მიდის და იძინებს იმიტომ, რომ ცოტა ამოისუნთქოს და მეორე დღეს ისევ თავის საქმიანობას შეუდგეს. თანაც, მისი შრომა მიზერული თანხა ღირს. ყოფილა შემთხვევა, როცა ძიძა დაუჩაგრავთ, მისთვის გრაფიკი შეუცვლიათ და ოჯახს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებაც დაურღვევია. რასაკვირველია, ასეთ დროს საქმეში ვერევით, მაგრამ ზოგჯერ ვერც კი გაიგებ - ვინ მართალია და ვინ - ტყუის, უფრო ხშირად კი ორივე მხარე უშვებს შეცდომებს, რასაც კონფლიქტურ სიტუაციამდე მივყავართ. ცხადია, ძიძა ცოცხალი ადამიანია, შეუცდომელი ადამიანი კი არ არსებობს, მაგრამ დამქირავებელს არჩევანის უფლებას ყოველთვის ვაძლევთ, რაღაც პერიოდსაც ვუთმობთ, რომ მომავალი ძიძა კარგად გაიცნოს, დააკვირდეს და მერე დაუდოს ხელშეკრულება. ჩემი აზრით, დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ დასავლეთის ქვეყნების დონეს მივუახლოვდეთ და ძიძის უფლებები ჩვენთანაც ისე იყოს დაცული, როგორც უცხოეთის მოწინავე ქვეყნებშია.

ხათუნა ჩიგოგიძე