სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას განაახლებს

სამხრეთ კორეის რესპუბლიკა ემზადება ჩრდილოეთ კორეასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის განახლებისთვის, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ სეულს ჩრდილო კორეულ ქალაქ ვონსანთან დააკავშირებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის მონაცემებით, სამხრეთ კორეის წინა ადმინისტრაციამ ამ პროექტის რეალიზება 2015 წელს დაიწყო, თუმცა ის გაიყინა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესების გამო, რომელიც მოჰყვა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ-სარაკეტო საქმიანობას.

კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 27 აპრილს გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ უარს იტყოდნენ მტრულ დამოკიდებულებაზე ერთმანეთის მიმართ, გახსნიდნენ ოფისს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ჩრდილოეთ კორეის ქალაქ კესონში და განიხილავდნენ შესაძლებლობებს ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებისთვის, მათ შორის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების დაკავშირებაზე, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ამ საკითხების განხილვა იგეგმებოდა ოთხშაბათის შეხვედრაზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ ჩაშალა, სამხრეთ კორეასა და ამერიკას შორის მიმდინარე ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო.

კოკა კვირკველია