ბორჯომ-ლიკანის კურორტზე მდებარე სასტუმროს, რომელიც სამი წელი Rixos-ის ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებდა, დროებით „ბორჯომი-ლიკანის“ ბრენდი მართავს და ახალი მმართველის მოლოდინშია. თუმცა შესაძლოა, ახალი ბრენდის შემოყვანა მიმდინარე წელს არ მოხდეს.
ბორჯომ-ლიკანის კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო „საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია და KazMunaiGaz Service-ის ერთობლივი პროექტია.
როგორც ერთი თვის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტომა გიორგი დანელიამ განაცხადა, ახალი ბრენდის შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდთან, თუმცა გადაწყვეტილი არაა, რომელი შემოვა „ბორჯომ-ლიკანის“ სასტუმროში. დაინტერესება კი საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნა დანელიამ.
„ბორჯომი-ლიკანის“ დირექტორი, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილიც აცხადებს, რომ ბრენდთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, მიმდინარე წელს ახალი ბრენდის შემოსვლა, შესაძლოა, არ მოხდეს.
„ჯერჯერობით სასტუმროს ჩვენ ვმართავთ. „საპარტნიორო ფონდი“ გადაწყვეტს, როდის რა მოხდება. წელს, არამგონია, რომ მართვაში რამე შეიცვალოს და ახალი ბრენდი შემოვიდეს. მოლაპარაკება ოთხ კომპანიასთან მიმდინარეობს. ესენია: Marriott, Hilton, Accor და Intercontinental“, - განმარტავს ალავერდაშვილი.
Rixos-ის ბრენდი საქართველოში ოფიციალურად 2015 წლის თებერვალში შემოვიდა. ბორჯომში მდებარე სასტუმროდან ბრენდი ოფიციალურად მიმდინარე წლის 13 აპრილს გავიდა.
თეონა კენჭიაშვილი