როდის დაიწყება საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია

საზაფხულო ბაღებში ბავშვების ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსურველები რეგისტრაციის გავლას ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge შეძლებენ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე განმარტავს, რომ საზაფხულო ბაღში ჩაირიცხებიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის ისინიც, ვინც არ არიან საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები. რეგისტრაცია თავისუფალი ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. ჯამში, საზაფხულო ბაღებში 13 000 აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი.

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წელი 29 ივნისს დასრულდება, თუმცა, ივლისის თვის განმავლობაში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს.

„საზაფხულო ბაღები წარმოადგენს თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივ სოციალურ პროექტს. მისი მიზანია, რომ ოჯახებს, რომლებიც ივლისის თვეში ვერ გადიან ქალაქგარეთ, მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით,“ - განმარტავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის თარიღი და ბაღების ჩამონათვალი 18 მაისს გახდება ცნობილი.