ნავთობის ფასი 2014 წლის შემდეგ პირველად, 80 დოლარამდე გაიზარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბაზარი ირანის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას და ამის კვალობაზე, მიწოდების შემცირებას მოელის.
ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფიუჩერსის ფასმა 80 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 79.85 დოლარამდე ჩამოვიდა. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ბარელის ფასი კი 72.13 დოლარია. ორივე მარკის ნავთობის ფასი 2014 წლის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელზეა.
ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ირანს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან შეერთებული შტატები გამოიყვანა, გაიზარდა იმის მოლოდინი, რომ ამას სანქციები მოჰყვება, რაც აუცილებლად შეამცირებს ირანის ნავთობის ექსპორტს.
ფრანგულმა ნავთობკომპანია „ტოტალმა“ გამოაცხადა, რომ იძულებული იქნება, გააუქმოს ირანში მრავალმილიარდიანი პროექტი, თუ ამერიკული სანქციებისგან არ გათავისუფლდება. „ტოტალის“ ირანული პროექტი, გაზის მოპოვებას და ტრანსპორტირებას უკავშირდება. ამგვარად, ევროპელთა მცდელობას, გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება და ირანი სანქციებისგან დაიცვან, შედეგი არ მოჰყვება.
ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო, ნავთობის და ნავთობპროდუქტების გლობალური მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ხელს მოპოვება-წარმოების ხელოვნურად შეზღუდვაც უწყობს. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მარაგები კიდევ უფრო შემცირდება.
ერთადერთი გარემოება, რაც ნავთობის ფასის კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას აფერხებს, ამერიკაში მოპოვების ზრდაა. გარდა ამისა, ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ვარაუდობს, რომ წლის დარჩენილ პერიოდში, მოხმარების კლებაა მოსალოდნელი. IEA-ს პროგნოზით, მსოფლიოს მასშტაბით მოხმარების ზრდის ტემპი, დღიური 1.5 მილიონიდან, 1.4 მილიონამდე დაიკლებს.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა აზიაშია, სადაც ფასების ზრდის გათვალისწინებით, წელს 1 ტრილიონი დოლარის ნედლ ნავთობს შეისყიდიან. შედარებისთვის, ამავე ბაზარმა 2015/2016 წლებში ორჯერ ნაკლები ღირებულების ნედლი ნავთობი შეისყიდა.
IEA-ს ვარაუდით, წელს მსოფლიოს საშუალო დღიური მოხმარება 99.2 მილიონი ბარელის დონეზე იქნება. ამერიკული ბანკი „გოლდმენ საქსი“ კი ვარაუდობს, რომ ზაფხულში საშუალო დღიური მოხმარება 100 მილიონ ბარელს მიაღწევს.
დაბოლოს, ამერიკაში მოპოვება კვლავ იზრდება და დღიურ 10.72 მილიონ ბარელს მიაღწია. ამ მხრივ, მსოფლიო ლიდერობას კვლავ რუსეთი ინარჩუნებს, რომელიც დღეში საშუალოდ 11 მილიონ ბარელს მოიპოვებს.