„კადრის აყვანისას დამსაქმებელი როგორც განათლების ცენზის, ასევე ზოგადი უნარების ფლობის თვალსაზრისით, ხშირად გადაჭარბებულ მოთხოვნებს აყენებს“.
ამის შესახებ, ევროკავშირის დახმარებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში ჩატარებულ ვაკანსიების მონიტორინგის შედეგებშია ნათქვამი.
ამასთან, კვლევაში საუბარია, თუ რისი დეიფციტია ადგილობრივ შრომის ბაზარზე, რაც ვაკანტური პოზიციების შეუვსებლობას იწვევს.
„აღსანიშნავია, რომ ვაკანტური პოზიციების შევსების პრობლემა ძირითადად ორი ტიპის დეფიციტით არის განპირობებული. არსებობს პოზიციები, რომლებიც ვერ ივსება შესაბამისი განათლების/პროფესიის მქონე კადრის ნაკლებობის ან არარსებობის გამო (მაგ. გურიაში ქიმიკოსის შემთხვევა) ან იმის გამო რომ კადრი დაბალკვალიფიციურია (მაგ. მიმტანები და ბუღალტრები).
თუმცა, ამავდროულად არსებობს პოზიციები, რომელთა შევსება ვერ ხერხდება დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული მძიმე სამუშაო პირობების გამო (დაბალი ხელფასი უმთავრესი მიზეზია). ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მოიცავს დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე პოზიციებს, როგორიცაა სანიტრები, ბარმენები, არაკვალიფიციური მუშები და სხვა,“-აღნიშნულია კვლევაში.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მიუხედავად, იმისა რომ დაბალი ანაზღაურების გამო დამსაქმებლებს გარკვეული პოზიციების შევსება უჭირთ, ისინი არ გეგმავენ ხელფასის გაზრდას და პრობლემის მოგვარებას უფრო დაბალკვალიფიციური კადრის აყვანით ან მათი სხვა რეგიონიდან ჩამოყვანით ცდილობენ.