საქართველოს ეროვნული ბანკი წელს კიდევ ერთ საიუბილეო მონეტას მოჭრის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 5 ლარის ნომინალის მონეტა სპეციალურად ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის ქვეყნის სტატუსით მონაწილეობისთვის მოიჭრება და მისი რეალიზაცია, სავარაუდოდ, ფესტივალის დასკვნითი ნაწილის გახსნისას, შემოდგომაზე დაიწყება.
„ეს საკმაოდ საინტერესო პროექტია, ეს გახლავთ ქართული წიგნის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა. როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოეხმაუროს ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ქართული წიგნის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვას. ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, სადაც მოეწყობა ქართველი ავტორების საჯარო გამოსვლები და მათი შემოქმედებითი საღამოები, ჩვენი მიზანია მსოფლის გავაცნოთ ქართული ლიტერატურისა და კულტურის მნიშვნელობა და აქტუალობა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საპრეზენტაციო პლატფორმა ეფუძნება კონცეფციას „ანბანით მოთხრობილი საქართველო“. მონეტის რეალიზაცია სავარაუდოდ, ფესტივალის დასკვნითი ნაწილის გახსნისას, შემოდგომაზე დაიწყება“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მონეტის პრეზენტაცია გამართა.