"სავარაუდოდ, 7 მილიონი ევროს ინვესტიციები იქნება გასაკეთებელი იმ სამუშაოებზე, რომელიც დღეს არის უკვე იდენტიფიცირებული", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების ხარჯებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
"ამ წუთში გვაქვს მიახლოებითი გათვლები გაკეთებული. სავარაუდოდ, 7 მილიონი ევროს ინვესტიციები იქნება გასაკეთებელი იმ სამუშაოებზე, რომელიც დღეს არის უკვე იდენტიფიცირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, პროექტის განვითარებისას, ჩვენ ახლა აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, დაზუსტდება ბიუჯეტი. მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ეს ინფრასტრუქტურა არ მოემსახურება მხოლოდ ერთ ჩემპიონატს, ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ქვეყანაში დარჩება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველწლიურად არაერთი ათეული მილიონის ინვესტიციას ვახორციელებთ მთის კურორტებში. წელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურული განვითარება გვექნება.
წელს გუდაურში, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავაკონტრაქტებთ და მოესწრება სამი საბაგიროს მშენებლობა. შესაბამისად, ყველა მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით. თავად ღონისძიებასთან, მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, ჩვენი ქვეყნისთვის ესაა უმნიშვნელოვანესი, რადგან ზამთრის სპორტის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისკენ მოპყრობილი იქნება უკვე ყურადღებაც და შესაბამისად, ტურისტების თვალიც, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, როგორ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში დასვენება. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ტურისტებს და ახალ შემოსავალს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.