"საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს.კონკურსში განაცხადების შეტანა შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც შშმ ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ. მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება თემებს, ამხანაგობებსა და სამეზობლოებსაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ”საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის” ფარგლებში 1 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსებაა გათვალისწინებული.
პროექტები, რომელსაც ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები თუ ფიზიკური პირები წარადგენენ, მიმართული უნდა იყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე და ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
საკონკურსო განაცხადების მიიღება 29 მაისიდან - 15 ივნისის 18:00 სთ-მდეა შესაძლებელი, რისთვისაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ ელფოსტაზე: grants@bog.ge. კონკურსში გამარჯვებულ 10-მდე პროექტს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2014 წლის 1 ივლისამდე გამოავლენს. ყოველი გრანტის მოცულობა 25 000 ლარამდე განისაზღვრება. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი".
პირველი საგრანტო კონკურსი "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა" 2014 წლის თებერვალში გამოაცხადა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მიზნით 13 პროექტი დააფინანსა, საერთო მოცულობით 300 000 ლარი. ყველა ამ პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და რამდენიმე მათგანი დასრულების ფაზაშია.
როგორც "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" ხელმძღვანელმა, თორნიკე გურულმა განაცხადა, დღეისათვის უკვე მოეწყო მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის სპეციალური სასწავლო კლასი თბილისის 198-ე და მე-200 საჯარო სკოლებში, ასევე დამონტაჟდა ეტლით მოსარგებლე შშმ ბავშვთათვის ადაპტირებული პირველი საქანელა თბილისში, ზოოპარკის ტერიტორიაზე.