საკონსტიტუციო სასამართლომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესში ერთ-ერთი მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო.
კერძოდ, საუბარია, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე ამ ფაქტს არ ეთანხმება, რაც სააგენტოსთვის კანონიერი მესაკუთრის მომართვის საფუძველზე გახდა ცნობილი.
აღნიშნული პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოს მოქალაქე თამარ თანდაშვილმა მიმართა, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განაცხადის რეგისტრაციაში გატარებაზე უარი ეთქვა, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რის შესახებაც სააგენტოს აცნობა მესაკუთრემ.
„სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. კერძოდ, მაშინ, როდესაც სადავო ნორმით მოსარჩელეს ბლანკეტურად აქვს აკრძალული დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში, იგივე შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული პირთა ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებიც: ა) რეგისტრირებულები არიან მონაცემთა ბაზაში და არ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში; ბ) ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა სადავო ნორმის ამოქმედებამდე დარეგისტრირდნენ მონაცემთა ბაზაში.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო რეგულაცია, ერთი მხრივ, ართმევს სოციალური დახმარების მაძიებელს უფლებას, მიიღოს სოციალური დახმარება, ხოლო, მეორე მხრივ, სადამსჯელო ღონისძიებით აიძულებს მას, მიატოვოს საცხოვრებელი ადგილი,“-აღნიშნულია საკოონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ზემოთ აღნიშნული პუნქტი არაკონსტიტუციურად ცნო. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.