ჩინეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო ომი არ დაიწყება

ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ არ აწარმოებენ სავაჭრო ომს და გააუქმებენ ერთმანეთის მიმართ დაწესებულ გადასახადებს.

ამის შესახებ ჩინეთის ვიცე-პრემიერ მინისტრმა ლიუ ხემ განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში იყო შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული. ამ შეხვედრაზე ქვეყნები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ აწარმოებენ ერთმანეთის წინააღმდეგ სავაჭრო ომს. მეტიც, გადაწყდა, რომ მხარეები შეეცდებიან ამერიკის სავაჭრო დეფიციტის ბალანსის გასწორებას. მანვე დასძინა, რომ ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

ვაშინგტონში ამერიკისა და ჩინეთის სავაჭრო დელეგაციებს შორის კონსულტაციები 17 და 18 მაისს გაიმართა. კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მხარეები მიიღებენ ეფექტურ ზომებს, რათა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან, ამერიკული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის ხარჯზე. გარდა ამისა, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ განავითარებენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს სამრეწველო და მომსახურების სფეროში.

ასევე ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდნენ, რომ წაახალისებენ ორმხრივ ინვესტიციებს და მიზნად დაისახავენ სამართლიანი, თანაბარი გარემოს შექმნას კონკურენციისთვის.

კოკა კვირკველია