საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული

პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. 2016 წელს უმუშევრობის დონე 14%-ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 65.8 პროცენტი შეადგინა. 2016 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.5 და 0.4 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით. ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

„ტრადიციულად, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ,

თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. 2017 წელს

თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5

პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.