2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 783.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 961.4 მლნ აშშ დოლარს (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 821.8 მლნ აშშ დოლარს (22.2 პროცენტით მეტი) შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 860.5 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 705.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 070.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 241.8 მლნ აშშ დოლარი იყო (23.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 828.4 მლნ აშშ დოლარი (26.3 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25.1 პროცენტი და იმპორტში 29.4 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 27.5, 24.8 და 28.4 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31.5 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში 30.3 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან კი საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 320.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 28.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 430.0 მლნ აშშ დოლარი (45.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 890.5 მლნ აშშ დოლარი იყო (21.7 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 44.7 პროცენტი და იმპორტში 31.6 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 33.1, 37.5 და 31.7 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24.8 პროცენტი (2017 წლის იანვარ-აპრილში 28.7 პროცენტი).
„2018 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (547.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (421.8 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (363.3 მლნ აშშ დოლარი).
2018 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 135.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14.0 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 114.8 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 90.2 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9.4 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 251.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 164.5 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5.8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 151.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.4 პროცენტი),“-ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.