სურსათის სააგენტო კარტოფილის ჩრჩილის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს გეგმავს

სურსათის ეროვნული სააგენტო კარტოფილის ჩრჩილის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს გეგმავს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგიონული განვითარების პროგრამის (RED) მხარდაჭერით, 2013 წლის გაზაფხულზე საპილოტე პროგრამა განახორციელა, რომელიც ითვალისწინებდა ფერომონიანი დამჭერებით კარტოფილის ჩრჩილის გავრცელების არეალის შესწავლას და ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავებას.

ფერომონიანი დამჭერი გამოიყენება მავნებლის გამოვლენა-გავრცელებისა და იდენტიფიკაციისთვის.

საპილოტე პროექტის განხორციელების შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული საქმიანობა სისტემატურად განახორციელოს. ფერომონიანი დამჭერებით მავნებლების გამოვლენა გახდება ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. განხორციელდება როგორც კარტოფილის ჩრჩილის, ასევე სხვა საკარანტინო მავნებლების დროული აღმოჩენა, ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავება და ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

მიმდინარე წელს ანალოგიური ღონისძიებები განხორციელდება როგორც ქვემო ქართლსა და სამცხე -ჯავახეთში, ასევე სხვა რეგიონებშიც.

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს კარტოფილის ჩრჩილის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს. 500-მდე ფერომონიანი დამჭერი განლაგდება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის წინასწარ შერჩეულ ნაკვეთებზე. მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის მუნიციპალიტეტებს დროულად მიეწოდება შესაბამისი გაფრთხილება და პრეპარატები.