ტექნიკის ბაზარი გაყიდვების შემცირების მოლოდინშია. კომპანიებში პროგნოზირებენ, რომ ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც შემოსავლების დადასტურების გარეშე კომერციულ ბანკებს სესხის გაცემა (განვადება) ეზღუდებათ, ტექნიკის ბაზარზე გაყიდვებს საშუალოდ 10%-ით შეამცირებს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. ეს იმას გულისხმობს, რომ თვითდასაქმებულებს - ძიძებს, რეპეტიტორებს, ტაქსის მძღოლებს, პროფილაქტიკის ხელოსნებს, რომელთა შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდებათ. ამასთან, განსაზღვრულია ლიმიტი, თუ რა ოდენობის სესხის მიღება შეეძლებათ თვითდასაქმებულებს.
გარდა იმისა, რომ თვითდასაქმებულებს კომერციული ბანკიდან სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის განვადების წესით შეძენის დროსაც, იგივე პრინციპები იმოქმედებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ტექნიკის რამდენიმე მსხვილ მაღაზიას დაუკავშირდა და გაარკვია, ხომ არ იქონია ახალმა რეგულაციამ მათი კომპანიების გაყიდვებზე გავლენა და რა პროგნოზები აქვთ სამომავლოდ.
როგორც „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რეგულაციის შედეგად, არის მოლოდინი, რომ გაყიდვები დაახლოებით 10%-ით შემცირდება.
„ჯერ შეფასება ნაადრევია, მაგრამ ეს შეზღუდვა ნეგატიურ გავლენას აუცილებლად მოახდენს, როგორც მომხმარებელზე, ასევე კომპანიაზე. თუკი ბიზნესს მომზადების პერიოდი ექნებოდა, მაშინ ამ რეგულაციას ნაკლებად მტკივნეული შედეგი მოჰყვებოდა. ბიზნესს და ბანკებს ადაპტაციის დრო არ ჰქონიათ. დაანონსებიდან ათ დღეში, გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. სავარაუდოდ, შედეგი იქნება ის, რომ გაყიდვები 10%-ით ან მეტით შემცირდება. ამ რეგულაციით ბიუროკრატია გაიზარდა, დამატებითი პროცედურების გავლა უწევთ თვითდასაქმებულ ადამიანებს იმისთვის, რომ ნივთი განვადებით შეიძინონ და ამის რამდენიმე შემთხვევა ჩვენს მაღაზიებში უკვე იყო, რომ ზედმეტ ბარიერებს წააწყდნენ“, - აღნიშნავს ანზორ ქოქოლაძე.
ტექნიკის მაღაზია „სმაილში“ კი განგვიცხადეს, რომ დაკვირვების რეჟიმში არიან: „ჩვენს კომპანიაში საინიციატივო ჯგუფი შევქმენით, რომელიც შეისწავლის, თუ რა შედეგები ექნება აღნიშნულ რეგულაციას. ველოდებით შედეგებს და შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია. იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედებს, მაშინ სხვა ფორმას შევიმუშავებთ, რომ გაყიდვების ოდენობა შევინარჩუნოთ და განვადების წილი არ დაეცეს“, - აცხადებენ „სმაილში“.
მათივე ინფორმაციით, ხშირია მომართვიანობა თვითდასაქმებული ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ტექნიკის შეძენა განვადებით სურთ: „თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება და არ გადაიხედება, ალბათ, გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედებს. მითუმეტეს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მიმართავს განვადებას, ვიდრე ნაღდ ანგარიშსწორებას“.
ტექნიკის კიდევ ერთ მაღაზია „ზუმერში“ კი აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაციის მიმართ ჯერჯერობით ოპტიმისტური განწყობა აქვთ, თუმცა როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ეთო მერებაშვილი განმარტავს: „იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული რეგულაცია უარყოფითად ჩვენს გაყიდვებზე არ იმოქმედებს. თუმცა ზეგავლენა თუ ექნება და ეს რეალიზაციაზე ნეგატიურად აისახება, მაშინ ვეცდებით, რომ ეს კლება სხვა რამით დავაბალანსოთ“, - განაცხადა მერებაშვილმა.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 7 მაისიდან, კომერციულ ბანკებს სესხის გაცემა მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე შეეზღუდათ.
ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტის თანახმად, ფიზიკურ პირებთან მიმართებაში გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზის პრინციპები უკვე გაწერილია. გარდა ამისა, თუ რა ოდენობის სესხის მიღებას შეძლებენ თვითდასაქმებულები, პირები, რომელთა შემოსავლებიც მესამე დამოუკიდებელი მხარეებისაგან მიღებული დოკუმენტებით არ დასტურდება. ასევე, დოკუმენტში განსაზღვრულია, თუ რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ თვითდასაქმებულებს, კერძოდ, ტაქსის მძღოლებს, ძიძებს, რეპეტიტორებს და ხელოსნებს იმისათვის, რომ ბანკმა სესხი მისცეთ.
თეონა კენჭიაშვილი