ფილიპინებში, ქალაქ მანილაში, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრა გაიმართა.
ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარმოადგენდა. წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა „აზიის განვითარების ბანკის“ პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან. მოლაპარაკებების შედეგებზე და აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს ვესაუბრეთ:
- ბატონო მამუკა, როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ საინვესტიციო პორტფელის გაფართოებაზე. არის თუ არა გადაწყვეტილი, რა დამატებითი თანხის გამოყოფას გეგმავს ADB?
- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან არის ძალიან ნაყოფიერი. ის ერთ-ერთი მსხვილი დონორია საქართველოში და თვითონ ADB-სთვისაც საქართველო არის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ გავზარდეთ ADB-სგან მიღებული ინვესტიციები, საუბარია ყოველწლიურად 250 მილიონ დოლარამდე თანხაზე. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს საშუალება დაახლოებით 100 მილიონით გავზარდოთ ეს თანხა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინფრასტრუქტურაში პროექტების რეალიზაციის ტემპი დაჩქარდა და ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი.- კონკრეტულად რომელი პროექტების განხორციელება დაიგეგმა უახლოეს მომავალში?
- ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წლისთვის ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურის ყველა პროექტი დავასრულოთ. აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ყველაზე უფრო კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, უღელტეხილის მონაკვეთი, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე უფრო რთული და კომპლექსურია. ასევე, ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოსაყენებლად. საუბარია სხვა მიმართულებებზეც, როგორიცაა წყლით მომარაგების პროექტები, პროექტები ენერგეტიკაში და ენერგოეფექტურობაში, ამის გარდა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მადლობელი ვართ აზიის განვითარების ბანკის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბის ფინანსური რესურსით გვეხმარება, არამედ იმიტომ, რომ გვაქვს ძალიან შინაარსობრივი მხარდაჭერა იმ რეფორმათა პაკეტში, რომელსაც ვახორციელებთ. ჩვენ ADB დაგვეხმარა კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის ჩამოყალიბებაში, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკა განვითარდეს მდგრადი გზით და შეიქმნას დაფინანსების ალტერნატიული წყაროები. მეორე ეს გახლდათ ე.წ. კერძო და საჯარო პარტნიორობის სამართლებლივი ჩარჩოს ჩამოყალიბება - Private Public Partnership (PPP), რომელმაც ახალი შესაძლებლობები უნდა გახსნას ბიზნესის კეთებისთვის საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ე.წ. PPP მოდელი დაგვეხმარება უფრო დიდი ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში. ასევე უნდა აღვნიშნო განათლების რეფორმა, კონკრეტულად პროფესიული განათლების საკითხი. ADB-ის ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ჩვენთვის განათლების სექტორის რეფორმა არის ძალიან დიდი პრიორიტეტი. თუმცა ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. გვაქვს მოლაპარაკებები, რომ დღეს არსებულ პორტფელს დავამატოთ ახალი პროექტები, მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზე.- თქვენ აღნიშნეთ, რომ იგეგმება კერძო და საჯარო პარტნიორობის სამართლებლივი ჩარჩოს Private Public Partnership (PPP ) შექმნა. რა ტიპის სტრუქტურა იქნება PPP და იქნება თუ არა სახელმწიფო შუამავალი ADB-სა და კერძო სექტორს შორის?
- ტექნიკური დახმარების შედეგად ჩვენ ისეთი მოდელი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც მისაღები არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, აზიის განვითარების ბანკისთვის, ვინაიდან ისინი იყვნენ ინიციატორები, რომ აღნიშნული სამართლებლივი ბაზა მომზადებულიყო. ის იქნება ძალიან მაღალი რანგის ტრანსპარანტულობით გამორჩეული სტრუქტურა. შეიქმნება სპეციალური უწყება, რომელმაც უნდა მოახდინოს კოორდინაცია PPP მოდელის ნაწილში. ეს არის აპრობირებული მეთოდი მსოფლიო პრაქტიკაში. ADB დაგვეხმარა შეგვემუშავებინა ისეთი მოდელი, რომელიც მისაღები იქნება ყველა ინვესტორისთვის და, რაც მთავარია, მისაღები იქნება ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისთვის.- სახელმწიფო შუამავალი იქნება ADB-სა და კერძო სექტორს შორის?
- არა, სახელმწიფო შუამავალი არ იქნება. რაც შეეხება ინვესტიციების ნაწილს, ეს არის კერძო სექტორსა და დონორ ორგანიზაციას შორის მოლაპარაკების შედეგი. მე არაერთხელ განვაცხადე, და ეს არის ზოგადად ჩვენი მიდგომა, რომ ჩვენ არ შეიძლება ვიცოდეთ იმაზე კარგად და იმაზე ეფექტურად ვმართოთ კომერციული პროექტები, როგორც ეს შეუძლია გააკეთოს კერძო სექტორს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვგეგმავთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. უბრალოდ, PPP ერთეულის მოვალეობა იქნება კოორდინაცია.- ADB-ის ერთ-ერთი რეკომენდაციაა მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა. იგეგმება თუ არა ტექნოლოგიებში და მეცნიერებაში ინვესტირება ADB-ის მონაწილეობით?
- ეს სარეკომენდაციო ნაწილიდან გადავა კონკრეტულ პროექტებში. თქვენ იცით, რომ რაც შეეხება ტექნოლოგიურ სტარტაპებს, ძალიან მოწადინებული ვართ გავზარდოთ ეს სექტორი. ჩვენ ამისთვის ყველა წინაპირობა გვაქვს. სრულიად მიუღებელია ჩვენი ოპონენტების არგუმენტები, რომ თითქოს ციფრულ ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიცია გადაყრილი ფული იქნება. ვერც საქართველო და ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ იქნებ 21-ე საუკუნეში წარმატებული, თუ ციფრული ეკონომიკის სექტორი არ იქნა განვითარებული. ჩვენ მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკი აპირებს ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას.- რა რეკომენდაციები აქვს ADB-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად?
- აზიის განვითარების ბანკმა უკვე გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაახლოებით ორი წლის წინ. სამ კომერციულ ბანკზე გაიცა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კრედიტი და ADB აპირებს ამ მიმართულებით პორტფელის ზრდას. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ამოცანაც, რომ მეტი საკრედიტო და განვითარების რესურსი ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის მცირე და საშუალო ბიზნესთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის სიმყარესთან. ეს ეხება იმას, რომ აზიის განვითარების ბანკი იყო პირველი, ვინც გამოუშვა ლარში დენომინირებული ბონდები საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ გავაგრძელოთ დედოლარიზაციის და ლარიზაციის პროცესი, ვინაიდან დოლარიზაციის მაღალი ხარისხი უპირველეს ყოვლისა მცირე და საშუალო ბიზნესს აზიანებს და აქედან გამომდინარე, ის ნაბიჯები, რომელსაც ADB დამატებით გეგმავს დედოლარიზაციის კუთხით, აუცილებლად დადებითად აისახება მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობაზე.