PKF Georgia Goodwill-ის რეაბილიტაციის პროგრამას მიმოიხილავს

კომპანია PKF Georgia-ს მმართველი დავით გვეტაძე, საფრანგეთის სავაჭრო პალატის წევრ კრედიტორებთან ერთად, გაკოტრების საფრთხეში მყოფი ჰიპერმარკეტ Goodwill-ის რეაბილიტაციის პროგრამას მიმოიხილავს.

საუბარი იქნება გეგმის პრინციპებზე, რომელიც ეფუძნება INSOL International-ის მიერ აპრობირებულ ნორმებს. ინსოლ ინტერნეიშენელი არის რესტრუქტურიზაციების, გადახდის უუნარობისა და გაკოტრების საკითხებში პროფესიონალების საერთაშორისო ასოციაცია.

როგორც PKF Georgia-ში აცხადებენ, გეგმის მიხედვით, განიხილება სატრასტო სააქციო საზოგადოების სქემა, რომელიც პასუხობს კრედიტორების მოლოდინს და ამავდროულად უზრუნველყოფს რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურად გაგრძელებას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, PKF International-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელია, რომელსაც 125 ქვეყანაში 200-ზე მეტი ოფისი გააჩნია. საქართველოში PKF Georgia 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს.