სემეკი ნეტო აღრიცხვის პროგრამის გაფართოებას აპირებს და ინდივიდუალური მიერთებიდან ჯგუფურ მიერთებაზე გადადის.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მარეგულირებელი კომისისს ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის წარმოამადგენელმა განუცხადა. ზვიად გაჩეჩილაძის განმარტებით, ეს იქნება რეფორმის მეორე ფაზა.
„დავუშვებთ ჯგუფურ მიერთებას, რადგან საერთო საკუთრებაში არსებული ფართების ათვისების დიდი პოტენციალი არსებობს. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ნეტო აღრიცხვაში შეიძლება ჩაერთონ მრავალსაცხოვრებლიანი ბინები, უნივერსიტეტები, სავაჭრო ცენტრები და სხვა. მაგალითისთვის, მრავალსაცხოვრებლიანი ბინის შემთხვევაში, მიკროელექტროსადგური განთავსდება სახურავზე და ქსელში ჩართვის და განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით ელექტროენერგიის გამომუშავების საშუალება მიეცემა ბინის ნებისმიერ მესაკუთრეს.“-აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.
მეორე საკითხი, რომლის დახვეწაც იგეგმება, არსებულ რეგულაციებში მიკროელექტროსადგურის საკუთრების პუნქტის გაუქმებაა.
„დღეს არსებული რეგულაციით, მიკროელექტროსადგური მომხმარებლის საკუთრებაში უნდა იყოს, რაც ფიზიკურ პირს ავალდებულებს თავად გაიღოს პირველადი საინვესტიციო ხარჯი. ჩვენ დავუშვებთ ლიზინგურ კომპანიებს, რომლებიც სურვილის შემთხვევაში მოაწყობენ სისტემას. ინტერესი ამ კუთხით არსებობს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიებისგან.“-აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.
ზვიად გაჩეჩილაძის განმარტებით, ახალი რეგულაციები სავარაუდოდ, შემოდგომამდე ამოქმედდება. შედეგად, სემეკი ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართვის მსურველთა რაოდენობის ზრდას ელოდება.
დღეისთვის ნეტო აღრიცხვის ქსელში 35 მომხმარებელია ჩართული. აქედან 15 „თელასის“, 20 კი „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტია.
ნეტო აღრიცხვა ქვეყანაში 2016 წლის მაისში დაინერგა. პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მზის, ქარის ან წყლის სიმძლავრეზე მომუშავე ას კილოვატამდე ელექტროსადგული გამანაწილებელ ქსელში ჩართოს და საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ელექტროენგია გამოიმუშავოს.
ქრისტინე გამთენაძე