„ამერიკის პრეზიდენტი კარგი მეწარმეა და ის მუდმივად შეეცდება ამერიკული გაზის ევროპის ბაზარზე მოხვედრას, თუმცა რუსეთი განაგრძობს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ პროექტის მხარდაჭერას“
- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ანგელა მერკელთან შეხვედრის შეფასებისას.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკული გაზის გაყიდვები ევროპაში შესაძლებელია, თუმცა ეს ძვირია. „ეს 25-30%-ით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რუსული მილსადენით მიწოდებული გაზის ფასი“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ევროპაში რამდენიმე ტერმინალი აშენდა სპეციალურად ამ ტიპის გაზის მისაღებად, თუმცა ეს ეკონომიკურად გაუმართლებელი პროექტია, ვინაიდან მეტად ძვირი ჯდება.
დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას კი პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ მიმართ მათთვის კარგად არის ცნობილი და ამის ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის მხარდაჭერა დაასახელა, რომელსაც „დიდად არ სურს რუსეთთან ურთიერთობების განვითარება, თუმცა სურს 2-3 მილიარდი დოლარის მიღება წლიურად ტრანზიტის გზით“.
„ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ტრანზიტი ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და მისი მიღწევა შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით“, - დასძინა პუტინმა.
მისი თქმით, „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ს შეუძლია არამხოლოდ გერმანული ბაზრის საჭირობების დაკმაყოფილება, არამედ შეუძლია კომპენსირება მოახდინოს ბრიტანული და ნორვეგიული შემცირებული გაზმოპოვებისა.
შეგახსენებთ, ამერიკული პრესა წერდა, რომ დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მოსთხოვა, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“, სანაცვლოდ კი მზადაა ევროკავშირისთვის რკინასა და ალუმინზე დაწესებულ გადასახადს გადახედოს, რომელიც ძალაში 1-ლ ივნისს შევა.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზოვანი გაზსადენის მშენებლობას რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, რომლის წლიური ბრუნვა 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა იგეგმება არსებული გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასწვრივ.
კოკა კვირკველია