ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩაიშალა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ დუნდუამ განუცხადა.
მისი თქმით, ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის საპროექტო სამუშაოების ჩასატარებლად აპრილის დასაწყისში 30 ათასი ლარი გამოიყო.
„მსურველი არავინ იყო და არ შედგა ტენდერი. გამოყოფილი თანხა საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე შეესაბამება მოთხოვნებს. ამ თანხაში შესაძლებელია იმ სამუშაოების შესრულება, რაც ჩამოთვლილი იყო. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე გამოვაცხადებთ მესამეჯერ ტენდერს, ან გამარტივებული ტენდერის კუთხით ვიმოქმედებთ. თუმცა ჯერჯერობით კვლავ ტენდერის ჩატარება განხილვის სტადიაშია“, -აღნიშნა თემურ დუნდუამ.
თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიას გამოსავალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმებაში ხედავს.
„ყოველდღე ველოდებით ინფორმაციას რა, როდის და როგორ გაკეთდება. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამჯერადაც ჩავარდებოდა ტენდერი. ახლა ალბათ, ამ ყველაფრის შემდეგ სწორი გამოსავალი იქნება გაფორმდეს ხელშეკრულება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან და ერთხელ და სამუდამოდ, გაეცეს იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც საზოგადოებას ასე აწუხებს. იმედია, ყველაფერი უმოკლეს ვადებში დასრულდება და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თენგიზ ხუხიამ.
ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა, რომლის მშენებლობაშიც 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, უკვე სარეაბილიტაციოა. 6 თებერვალს თეატრის ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. შენობაში არსებული მძიმე ვითარების გამო თეატრში სამუშაო პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. დასი შენობის ექსპერტიზის მოლოდინშია და სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქში მართავს.