ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა.

კონკურსში მონაწილეობას ორი კომპანია შპს "მუქსი" და შპს "სტერეო +" იღებს.

კონკურსანტებმა დოკუმენტაცია დალუქულ მდგომარეობაში წარმოადგინეს, ამიტომ ჯერ უცნობია, კონკურსზე გამოტანილი ათი ლოტიდან თითოეულმა კონკურსანტმა რომელ ლოტზე წარმოადგინა განაცხადი.

მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა 2014 წლის 2 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე გაიხსნება კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია. კომისია, დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს კონკურსანტთა დისკვალიფიკაციის საკითხს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ, დისკვალიფიკაციის საფუძველი არ არსებობს და დოკუმენტაცია ხარვეზით არის წარმოდგენილი, განისაზღვრება გარკვეული ვადა ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად და დოკუმეტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად. სხდომა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება დასწრების შესაძლებლობა.

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის (ლიცენზიების) მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კონკურსთან დაკავშირებით ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2014 წლის 30 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანია, კომპანიები გამოვლინდება, 2014 წლის 1 ივლისს, 13:00 საათზე ჩატარდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელის ფორმირებისათვის საჭირო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გამოიტანა კონკურსზე. თითოეულ ლიცენზიას დაახლოებით 15 ეროვნული დაფარვის ტელემაუწყებლის გატარების შესაძლებლობა აქვს.