მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და რეფორმების კუთხით.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამ შეხვედრაზე, რომ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა განხორციელდეს დასახული მიზნები და რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესოს ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში გაიმართა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც სექტორულ, ისე ფისკალურ ჭრილში. ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ რეფორმებზე. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა, რომლის გატარებაშიც საქართველოს სავალუტო ფონდი დახმარებას გაუწევს.