კომპანია Daimler-ი 500 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს საფრანგეთის ქალაქ ჰამბაჩში მოქმედ მის ქარხანაში, რათა კომპაქტური ელექტრომობილების წარმოება ადგილზე დაიწყოს.
ახალი ავტომობილი, რომელიც არის კომპანიის ელექტრომობილების სუბბრენდ EQ ერთ-ერთი მოდელი, აეწყობა კორპორაციაში შემავალი კომპანია Smart-ის ორადგილიანი მოდელის ForTwo-ს ელექტრომობილებთან ერთად. ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება საფრანგეთში წარმოებული Mercedes-ის გამოშვება, არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ ქარხანაში დაიწყება გასული წლის სექტემბერში ფრანკფურტის ავტოსალონზე კონცეპტის სახით წარმოდგენილი Concept EQA -ს სერიული მოდელის წარმოება, რომელსაც ელემენტების ერთჯერადი დამუხტვით 400 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია.
როგორც ცნობილია, Daimler-ი უკვე 2022 წლისთვის აპირებს 10 სრულიად ელექტროძრავით აღჭურვილი Mercedes-ისა და Smart-ის მოდელების წარმოებას. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ უკვე 2025 წლიდან მათი გლობალური გაყიდვების 15%-დან 25%-მდე სწორედ ელექტრომობილებზე მოვა. ცნობილია, რომ 2020 წლიდან Smart მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა.
Mercedes EQ კომპაქტური მოდელების წარმოებას რასტატის ქარხანაშიც აპირებს, სადაც ამჟამად A და GLA კლასის მოდელების აწყობა ხდება. მანამდე კი პირველ სერიულ ელექტრომობილს, რომელიც იქნება კომპაქტური ქროსოვერი EQC, კომპანია ბრემენის ქარხანაში აწარმოებს და მისი ბაზარზე გამოჩენა უახლოეს მომავალში იგეგმება.
კოკა კვირკველია