ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გავიდა

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გავიდა.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ფინანსური მონიტორინგის სამსახური დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება.

უწყება მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ იმუშავებს, ხოლო მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

ამ მიმართულებით ცვლილებები "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში და "საგადასახადო კოდექსში" განხორციელდა. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, განიხილებოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ად ჩამოყალიბების საკითხი.